კატეგორიები

Sunday, 7 July 2013

ნოეს პროტოტიპები


ნოეს პროტოტიპები
10-06-2013
უძველესი ლეგენდები და მითები დღესაც მოგვითხრობენ შორეულ წარსულში მომხდარი წარღვნისა და მასში გადარჩენილ გმირზე. ყველაზე გავრცელებულია ბიბლიური გადმოცემა ნოეს შესახებ, რომელმაც ოჯახთან ერთად ააგო ხომალდი და ორმოცი დღე-ღამის განმავლობაში ელოდებოდა სტიქიის ჩაწყნარებას.

ღვთის ნებით, იგი კატასტროფას გადაურჩა და მისი ხომალდი არარატის მთას მიადგა. უაღრესად დიდ ინტერესს ის ფაქტი იწვევს, რომ ამერიკის, ავსტრალია და ოკეანეთის ხალხების, ბერძნულ, შუმერულ, ჩინურ და სხვა მითოლოგიებში მეტ-ნაკლებად ასახულია ბუნებრივი კატაკლიზმის ბუნდოვანი ისტორია, რაც მსოფლიოს მასშტაბით არის გაფანტული.

შუმერულ მითოლოგიაში ბიბლიური ნოეს მსგავსი რამდენიმე პირი არსებობდა. მათ შორის გამორჩეული იყო უთნაფიშთიმი, რომელმაც ცოლთან ერთად ააშენა კიდობანი და შესაბამისად, წარღვნას მხოლოდ იგი გადაურჩა.

ცნობილია აგრეთვე ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი კატასტროფა, რაც კუნძულ თერაზე ვულკანურმა ამოფრქვევამ გამოიწვია. აქ ნოესა და უთნაფიშთიმის მსგავსი კიდევ ერთი გმირი ჩანს, სახელად დევკალიონი, რომელმაც ასევე საკუთარი ხელით ააშენა კიდობანი და ცოლთან ერთად გამოექცა უბედურებას. ბერძნული ლეგენდის თანახმად, წარღვნა ზევსმა მოახდინა ბრინჯაოს ხანის ხალხის გასანადგურებლად. ეს შეიტყო პრომეთემ, თავისი შვილი დევკალიონი გააფრთხილა და კიდობნის აგებაც ურჩია. ცხრა დღე-ღამეს ცოლ-ქმარი წყალზე ტივტივებდა, სანამ პარნასამდე არ მიაღწიეს. დევკალიონმა და მისმა მეუღლემ ადამიანთა მოდგმის განახლების სურვილი გამოთქვეს. ზევსმა ჰერმესის (ან ორაკულის) პირით მას ზურგს უკან "დიადი მშობლის ძვლების" გადაყრა უბრძანა. დევკალიონი მიხვდა, რომ "დიადი მშობელი" - დედამიწა იყო, ხოლო მისი ძვლები - ქვები. დევკალიონის მიერ ზურგს უკან მოსროლილი ქვებისგან მამაკაცები წარმოიქმნენ, ხოლო მისი მეუღლის ნასროლისგან - ქალები.

აცტეკური მითოლოგიის თანახმად, ვინმე კოქსკოქსმა თავის მეუღლე ჰოჩიკეცალთან ერთად კვიპაროსის ხისგან ააშენა მცურავი საშუალება და წარღვნას გადარჩენილი მიადგა კულუაკანის მთას (გავიხსენოთ ნოე და არარატის მთა). ამ მითში საინტერესოა ერთი გარემოებაც: კოქსკოქსსა და ჰოჩიკეცალს ბევრი შვილი ჰყავდათ, რომელთა უმრავლესობა მუნჯი იყო. მშობლების სანუგეშოდ, აცტეკთა უზენაესმა ღვთაებამ მათ მტრედი მოუვლინა, რომელსაც ბავშვებისთვის ლაპარაკი უნდა ესწავლებინა. აქედან მხოლოდ თხუთმეტმა შეძლო ამეტყველება და მითის თანახმად, სწორედ მათ დაუდეს საფუძველი აცტეკებისა და ტოლტეკების მოდგმას.

აცტეკურ მითოლოგიაში არის სხვა გადმოცემაც წარღვნის შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთი ტომის უზენაესი ღვთაება ტესკატლიპოკა, იგივე ტიტლაკაუანი ვინმე ნატასა და მის ცოლ ნენას ავალებს ხომალდის აშენებას მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად. ცოლ-ქმარმა ღვთაებას დაუჯერა და სამშვიდობოს გავიდა. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ისინი ადიდებულმა ტალღამ შთანთქა, რასაც ადამიანთა თევზებად გადაქცევა მოჰყვა.

ინკების მითოლოგიის თანახმად, მსოფლიო წყალდიდობის დროს სტიქიამ უმაღლეს მწვერვალამდეც კი მიაღწია და მთელი ხმელეთი დაფარა. კატასტროფამ ყველა იმსხვერპლა, გარდა ერთი მამაკაცისა და ქალისა, რომლებიც "მცურავ ყუთში" იმყოფებოდნენ. როცა ყველაფერი დასრულდა, ისინი ქარმა ტიუანაკოსკენ (დღევანდელი ბოლივია) გააქანა, ლეგენდარული მაჩუ-პიქჩუსგან დაახლოებით 200 მილის დაშორებით.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, წარღვნის შესახებ მითი ამ კონტინენტის თითქმის ყველა ხალხს გააჩნდა. ალასკაზე არსებობს საინტერესო ტლინგიტური (სამხრეთ ალასკის სანაპირო) ლეგენდა, რომლის თანახმად, ადამიანები წარღვნას გიგანტურმა კიდობანმა გადაარჩინა. ის კლდეს შეასკდა და ხალხი ორ ნაწილად დაიყო. კიდობნის გახლეჩამ მსოფლიოში ენების მრავალფეროვნება განაპირობა.

სკანდინავიური თქმულების თანახმად, ღმერთმა ოდინმა და მისმა ძმებმა დაამარცხეს ყინულის გიგანტი იმირი, იგივე აურგელმირი (სამყაროს შემქმნელი, უძველესი გოლიათი). მას ჭრილობებიდან სისხლი წამოსდინდა და მთელ მსოფლიოს მოედო. სისხლმა ყველა ადამიანი დაახრჩო, გარდა ბერგელმირისა. მან ცოლსა და შვილებთან ერთად თავს ნავით უშველა. რაც შეეხება ყინულის გიგანტ აურგელმირს, მისი სხეულის ნაწილებისგან ოდინმა და მისმა ძმებმა ჩვენი სამყარო შექმნეს.
აფრიკაში ცხოვრობს პიგმეების ტომი. ამ ტომის ხალხმა იმით გაითქვა სახელი, რომ მათი სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მსოფლიო ჯუჯებად იცნობს. მითი წარღვნის შესახებ სხვა აფრიკულ ტომებთან ერთად, რა თქმა უნდა, მათ თქმულებებშიც აისახა. პიგმეების ერთი ლეგენდა გვამცნობს, რომ ქამელეონს ხიდან უცნაური ხმა მოესმა. მან ხე გამოჭრა, საიდანაც წყლის ნიაღვარი წარმოდინდა და მთელი მსოფლიო დაფარა. პირველი წყვილი ადამიანებისა წყალთან ერთად წარმოიშვა.

ავსტრალიური მითოლოგია საკმაოდ მდიდარია წარღვნაზე ლეგენდარული გადმოცემებით. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სამყაროს შემქნელი ბუნჯილი განარისხა ადამიანთა ცოდვილმა ცხოვრებამ და მათ აბობოქრებული ოკეანე მოუვლინა. წარღვნას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ, ვინც ღვთაებას ყველაზე მეტად უყვარდა. სამყაროს შემქნელმა ისინი ცაში აიტაცა და ვარსკვლავებად აქცია. მხოლოდ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დარჩა დედამიწაზე, რომლებიც მთაში, ხეზე იყვნენ ამძვრალი, სადამდეც ოკეანემ ვერ ააღწია. შემდგომში მათ დაუდეს საფუძველი ჩვენს მოდგმას.

არც ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის ხალხის მითებსა და ლეგენდებს აუვლია გვერდი წარღვნის თემისთვის. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, უძველესი ტომები ერთმანეთს განუწყვეტლივ ეომებოდნენ. ხალხმა უარყო უზენაესი ღვთაების, ტანეს მოძღვრებები, რის გამოც სასტიკად დაისაჯნენ. წყლის რისხვამ ყველა ამოხოცა, გარდა ორი მამაკაცისა და ორი ქალისა, რომლებიც მცურავ ბორანზე იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ ბორანზე ცხოველებიც იმყოფებოდნენ.

მნიშვნელოვანია აგრეთვე პალაუს, პაპუა-ახალი გვინეის, პოლინეზიისა და სხვა ხალხების მითოლოგიები. მათ შორის ძალიან საინტერესოა პალაური გადმოცემა, რომლის თანახმად, წყალდიდობას ტივით გამოასწრო მოხუცმა ქალმა, მან მთაზე იმშობიარა და საფუძველი დაუდო მთელ კაცობრიობას.
მსგავსი ლეგენდები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვანაირადაა გაფანტული, მაგრამ ძირითადი არსით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები ხალხის მითოლოგია, სადაც აგრეთვე ლაპარაკია მსოფლიო წარღვნის შესახებ. აქაც ერთი გმირი ჩანს, სახელად ნუ"უ, რომლის ამბავიც და სახელიც ძალიან ჰგავს ნოესას. ნუ"უმაც ნოეს მსგავსად ააშენა მცურავი საშუალება და წყალდიდობას ცოლსა და შვილებთან ერთად გადაურჩა. როდესაც სტიქია ჩაცხრა, მისი ხომალდი მაუნა-კეას მთას მიადგა. ეს ადგილი ჰავაის კუნძულებზე დღესაც წმინდა ადგილად არის მიჩნეული.

ამგვარად, ნოეს პროტოტიპები უამრავია მსოფლიოში. ნოეს მსგავსთა შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ინდურ და ჩინურ მითოლოგიებშიც. ჩინურ ლეგენდებში ერთ-ერთი მათგანი ცნობილია ნუას ან ნიუიას სახელით. გავიხსენოთ ჰავაელი ნუ"უ. არ არის გამორიცხული, სახელების მსგავსება უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ ნოე, ნუ"უ ან ნუა თითქმის იდენტურია და საკითხის წამოჭრის საფუძველს ნამდვილად ქმნის.

რაც შეეხება ინდურ ლეგენდებს, აქ მოქმედ პირს მანუ ჰქვია. ინდური ტრადიციის თანახმად, მანუმ იპოვა პატარა თევზი, რომელმაც მას დიდი თევზებისგან დაცვა სთხოვა და მანუც დათანხმდა. თევზი დროთა განმავლობაში გაიზარდა და კეთილი პატრონი გააფრთხილა, აეგო ხომალდი მოსალოდნელი წარღვნის თავიდან ასაცილებლად. მანუმ თევზს დაუჯერა და ხომალდი თოკით თევზს გამოაბა, რომელმაც იგი ერთ-ერთი მთისკენ გააქანა. საბოლოოდ, მანუც და ხომალდზე მყოფი ცხოველებიც წყალდიდობას გადაურჩნენ.

ალბათ გაჩნდება ლოგიკური კითხვა: რით უკავშირდებიან ეს პიროვნებები ერთმანეთს? რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოთ, შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პიროვნება ერთი ადამიანის პროტოტიპს წარმოადგენდეს. არსებობს ვერსია, რომ წარღვნა იყო ლოკალური, მესოპოტამიის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ებრაელთა მამამთავარ აბრაამის შუმერულ ქალაქ ურიდან თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე გამგზავრებასთან ერთად, ეს მეხსიერებაც თან გაჰყვა ებრაელ ხალხს. ხოლო ამის შემდგომ იგი გაცოცხლდა ბიბლიაშიც. ალბათ ყველას გვსმენია ურუქის ლეგენდარული მეფის, გილგამეშის თავგადასავლების შესახებ. აღნიშნული ეპოსის ყველაზე სრულყოფილი ვერსია აღმოჩენილია ნინევიაში და იგი ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ტექსტი შედგება 12 ფირფიტისგან და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცული წარღვნის შესახებ. შუმერული ეპოსის თანახმად, ერთ-ერთ მითში მეფეს ეღუპება ერთგული თანამებრძოლი ენქიდუ, რამაც ურუქის მეფე უზომოდ დაამწუხრა. სწორედ ამიტომ გილგამეში "მარადიული სიცოცხლის" საიდუმლოს მოსაძებნად მიემგზავრება წარღვნას გადარჩენილ უთნაფიშთიმთან, რომელსაც ღმერთებმა უკვდავება მიანიჭეს.

გილგამეშის ეპოსი გარკვეულწილად გადმოგვცემს რეალობას უძველეს პერიოდში მომხდარი კატასტროფის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, ისევე როგორც ებრაელთა მიერ შუმერული მითოსის ათვისებას, მაგრამ გილგამეშის ეპოსიცა და მასში წარღვნის თაობაზე შემონახული ცნობებიც შესაძლოა მხოლოდ დედამიწის მასშტაბით მომხდარი კატასტროფის ერთ-ერთი ნაწილი იყოს, რომელიც ცალკეული ხალხების ცნობიერებაში სხვადასხვანაირად აისახა.

რამდენიმე წლის წინ გამოითქვა საინტერესო ვარაუდიც, რომ დაახლოებით ძვ.წ. მე-6 ათასწლეულში შავი ზღვის ტერიტორიაზე მოხდა ბუნებრივი კატასტროფა - ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ტექტონიკური ჩაქცევა. ამას მოჰყვა ხმელთაშუა ზღვის წყლის ინტენსიური შემოჭრა და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება. შესაბამისად, მსგავსი ტრაგედია უძველესმა ხალხებმა შესაძლოა უდიდეს წარღვნად აღიქვეს. ისმის კითხვა, ხომ არ არის კუნძულ თერაზე ვულკანური ამოფრქვევა, შავი ზღვის ან თუნდაც მესოპოტამიის დაბლობის წყლით დაფარვა იმ დიდი კატაკლიზმის ნაწილი, რაც ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის მითურ პერიოდში მოხდა?

მეცნიერებაში დღემდე განიხილება მოსაზრება, რომ დედამიწაზე არსებობდა პანგეა, ან გერმანელ სწავლულის, ალფრედ ვეგენერის სიტყვებით რომ ვთქვათ, გონდვანას სუპერკონტინენტი, რომელიც ტექტონიკური ფილების დაცურების შედეგად შუაზე გაიხლიჩა. ქრისტიანული ტრადიციის თანახმადაც, წარღვნა მოხდა მთელი პლანეტის მასშტაბით, რასაც მეცნიერები ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ წარღვნა ლოკალური იყო. მაგრამ ყველაზე იდუმალი კითხვა ის არის, თუ როგორ მოხდა, რომ დაწყებული ლათინური ამერიკიდან, დამთავრებული აზია-ავსტრალიის ხალხებით, ყველას შემორჩა ბუნდოვანი ინფორმაცია წარღვნის შესახებ. ანდა ვინ იყვნენ ნოე, დევკალიონი ან თუნდაც უთნაფიშთიმი? ვარაუდი ბევრია, მაგრამ ეს საკითხი იმდენად არის ბურუსით მოცული, რომ აქ გონების ნაცვლად ალბათ ადგილი რწმენას უფრო უნდა დავუთმოთ.

ირაკლი ჟორჟოლიანი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

No comments:

Post a Comment