კატეგორიები

Sunday, 7 July 2013

რა არის სიცოცხლე?


რას გვეუბნება მეოთხე მცნება?

"ეკლესიის მესანთლეს ნისიების რვეული აქვს. სანთელი კი 10-20 თეთრი ღირს..."… 


ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელთან, მამა გიორგი წერეთელთან საუბარი საკუთარ სულში, ქვეყნის გულში ჩახედვას დაემსგავსა - სიყვარულით, მშვიდად, ტრაგიკული ტონებისა და ფერების გარეშე.



ვინ ვარ

ჭიათურაში ვიზრდებოდი. მღვდელი ნანახიც კი არ მყავდა. ჩემი მშობლები ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ რწმენა ჰქონდათ. მამას ჩუმად ლოცულობდა, ანთებული სანთელი ავიწყდებოდა და კედელს ამოწვავდა ხოლმე.…შინ ლოცვის წიგნებიც გვქონდა, ხატიც. დედა ფორტეპიანოს პედაგოგი იყო, ფანდურსა და გიტარაზეც კარგად უკრავდა, მღეროდა. ჩვენც, ოთხივე ძმა და მამა კარგად ვმღეროდით. პირველად ეკლესიასთან დედამ მიმიყვანა  - ძალიან აწუხებდა ჩვენი სოფლის, სვერის ტაძრის მორღვეული კარი, რადგან იქ თავისუფლად შედი-გამოდიოდნენ ცხოველები. ამიტომ დედის შედგენილი რეპერტუარით მახლობელ სოფლებში კონცერტები ჩავატარეთ. შემოსული თანხით კი ორი რკინის კარი და ორი სასანთლე ვიყიდეთ ეკლესიისთვის. სვერის ტაძარი ჩემი მღვდლად კურთხევის შემდეგ აღვადგინეთ. ახლა, ღვთის შეწევნით, იქ წირვა-ლოცვა ტარდება.… 

ხელმეორედ დაბადება

19 წლისა სამ მეგობართან ერთად ავტოკატასტროფაში მოვყევი. ღვთის წყალობით გადავრჩით. მივხვდი, რომ ღმერთმა კიდევ ერთი სიცოცხლე მომცა. მაგრამ ამპარტავნების გამო მრცხვენოდა ტაძარში მისვლა. მაშინ დეიდასთან ვცხოვრობდი სოფელ ნავარძეთში. იქ კაცები არ დადიოდნენ ეკლესიაში, მხოლოდ ბებიები და ბავშვები. ადამიანს კი ხშირად ტაძარში სიარული იმიტომ რცხვენია, რომ არ იცის ტაძარში ქცევის წესები, ამპარტავნება კი ხელს უშლის, სხვებს ჰკითხოს. მეც ასე დამემართა, ამიტომ შინ დავიწყე წესების გაცნობა. მალე მოძღვრის საჭიროებაც ვიგრძენი.

მოძღვარი
მოძღვრის შერჩევა დღესაც დიდი პრობლემაა, რადგან  ყველა განსაკუთრებულს დაეძებს. გავიკითხ-გამოვიკითხე და მამა ლაზარე შევარჩიე სულიერ მამად. მივედი მღვდელთან, ღვთისაგან ნაკურთხ, ეპისკოპოსის ხელდასხმულ მამასთან, რომელსაც, როგორც ყველა სხვა მღვდელს, ღვთის წინაშე თავისი სავედრებელი ეთქმოდა. მადლობა ღმერთს, მამა ლაზარე კაპანაძე საუკეთესო მოძღვარი აღმოჩნდა. …  

ძალად მაცხონე

როცა ეკლესიაში სიარული დავიწყე, რატომღაც უკიდურესად მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. სასჯელსაც ვუწესებდი ხოლმე თავს სულ პატარა ცდომილი ცოდვისათვის. ვთქვათ, 200-300 მეტანიას. სხვებისგანაც იმავეს მოვითხოვდი. ჩემს მეგობარს პირში სიგარეტი რომ ჩაედო, გამოვაცლიდი და დავუმტვრევდი. შაბათ-კვირას სალოცავად ნავარძეთის წმინდა გიორგის ტაძარში ფეხით დავდიოდი. მაგრამ ტაძარში არავინ მოდიოდა, ერთი-ორი კაცის გარდა. თვეში ერთხელ იქ მოძღვარი წირავდა, ეს მოსწონდა ხალხს, მაგრამ როცა დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ. მღვდლად რომ მაკურთხეს, ვშიშობდი, - ნუთუ ვერ ვიქადაგებ ისე, რომ ხალხი მოვაქციო-მეთქი... ბოსტნებში ვაკითხავდი, ყანებში, ხალხო, ტაძარში მოდით-მეთქი...

გაზაფხულს მოყოლილი

ერთ დღეს, მეუფე დანიელმა ბრძანა, დიაკვნად მინდა შენი კურთხევაო - პასუხისმგებლობა მემძიმა... ოქტომბერში მამა გარდაიცვალა, ვერ მოესწრო ჩემს კურთხევას, ვერც ჩემი ხუთი შვილის დაბადებას... მამას ორმოცზე მეუფე ამობრძანდა. ძალიან გამიხარდა. მალე დამირეკა, - უნდა გაკურთხოო. ვთქვი, რომ თუ მეუფეს მიაჩნია, რომ ამ რანგში ვჭირდები ეკლესიას, რაღა მეთქმის-მეთქი და 28 თებერვალს მაკურთხეს, გაზაფხულს შემოვყევი. ორთვე-ნახევარში მაკურთხა მღვდლად, მღვიმევის დედათა მონასტერში დამნიშნა. უკვე 7 წელი გავიდა. პარალელურად დავიტოვე მსახურება სოფლებში, ხალხი იქ უფროა საპატრონო, საქადაგებელი. 

ღატაკი ზემო იმერეთი

ჭიათურა-საჩხერეში ძლიერი, ლამაზი, საოცარი, სტუმართმოყვარე ხალხია, შინაგანი კულტურით. ვერასოდეს ერისკაცი ვერ წარმოიდგენს, ვერც იფიქრებს, ვერ დაინახავს ისე, როგორც მოძღვარი ხედავს, იმიტომ, რომ ადამიანები ბოლომდე უხსნიან გულს. ისინი მენდობიან, მაგრამ საკუთარ სიღარიბეს მარიდებენ სიამაყის გამო. მე კი ბრმა და ყრუ არა ვარ და ვხედავ, მესმის. გასაოცარ სიღარიბეში ცხოვრობს ეს ხალხი... ეკლესიის მესანთლეს ნისიების რვეული აქვს. სანთელი კი 10-20 თეთრი ღირს...

რატომ?

ჩვენთან სიღარიბეს თავისი მიზეზი აქვს. შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქალაქში დაეძებს სარჩოს. ის კი, ვინც ქალაქშიც არავის სჭირდება ასაკის, შერყეული ჯანმრთელობის გამო, სოფელშიც ბევრს ვერაფერს ქმნის. ისე არ იფიქროთ, რომ აქ ახალგაზრდას ვერ იპოვით, არიან კანტიკუნტად, მაგრამ ნაწილს დეპრესია მოერია და სასმელსაა გადაყოლილი. ერთი რამ ცხადზე ცხადია, ძალიან ბევრი მიწა რჩება დაუმუშავებელი. უბარაქობა კი არასწორ ცხოვრებას მოსდევს.…
ჩვენს ხალხს რწმენა აკლია. რეალურად არ ვფიქრობთ ცხოვრებაზე. კარგ ყოფაზე ოცნება კი აიძულებს ამ ხალხს, აიყაროს და ქალაქს შეაფაროს თავი, თუნდაც ელიავას ბაზრობაზე დადგეს საქმის მოლოდინში. იმედი მაქვს, შეიცვლება ეს დამოკიდებულება - ჩვენი ტაძარი სოფელში თითქმის ივსება ბავშვებით. სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთის და გეზრულის ტაძრები მაბარია, მღვიმევის მონასტრის და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო მართლმადიდებლური სკოლის მოძღვარიც ვარ. ჩემი დრო უმთავრესად ბავშვების აღზრდაში იხარჯება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კი ვიღლები, მაგრამ 

ვინ არ იღლება და ვინ არ კვდება? კარგი საქმით მაინც დავიღალოთ. 
ღვთის იმედი მაქვს. ეკლესიას შეუძლია, რწმენა დაუბრუნოს ხალხს. ამას სიმშვიდე მოიტანს. ეკლესიაში ფანატიკური სიმშვიდე კი არ უნდა ეძებო - აი, შევედი და ამოვისუნთქეო, სხვა სიმშვიდეზეა ლაპარაკი. მშვიდად მაშინ ხარ, როდესაც შენს მოვალეობას ასრულებ. 

კალოშებიანი სურათი 

მგონი, დროა, ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებს, იმათაც, "ცნობილ სახეებს" რომ ეძახიან, თავი დაანებონ და უბრალო ცხოვრებაზე ისაუბრონ. ტრაგიკული გადაცემა კი არ გვინდა - თავზე შიმშილით როგორ გვენგრევა ცხოვრება, ის გააშუქონ, უბრალო ხალხი როგორ ცხოვრობს, დღის დასაწყისი და დღის დასასრული როგორია, ანდა წირვა როგორია სოფელში - ეკლესიის კარის ყოველ გაღებაზე, მარმარილოს თეთრ იატაკზე შავი, ერთნაირი, კარგად გაწმენდილი კალოშებით შემოდიან რკინისხელება ზემოიმერლები. ისაუბრონ იმაზე, მიწათმოქმედებისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია... ახლა სოფლები დაცარიელებულია და ყველა ნაკვეთიც რომ გადაიხნას ტრაქტორით, კარგ მოსავალს მაინც ვერ მოვიწევთ, რადგან იმ მიწას გამარგვლა და გათოხნა სჭირდება, ამდენი ხელი კი აქ არ არის, მაგრამ მათი სახლები დგას, ყველა დასტირის საკუთარ, მიტოვებულ სახლს. ეს ხალხი დაბრუნდება უკან, თუკი გლეხს სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს. აი, მაშინ ამოისუნთქებს ქალაქიც.
რა არის სიცოცხლე?

რას გვეუბნება მეოთხე მცნება? "ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმეი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა". და ასე, მუდმივად. ეს არის სიცოცხლე. 

წყარო: კვილის პალიტრა. ავტორი:დეა ცუცქირიძე

No comments:

Post a Comment