კატეგორიები

Tuesday 18 June 2013

Sony და Panasonic

Sony and Panasonic team up?
მე მესმის, რომ შეიძლება არ იცოდეთ რას წარმოადგენს OLED ტექნოლოგია, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრი გსმენიათ LED ტელევიზორებზე და მონიტორებზე, რომლებიც LCD ტექნოლოგიის შემცვლელად გვევლინება. რეალურად კი ეს ტელევიზორები „LED Backlit LCD” ტელევიზორებია, ანუ აქვთ იგივე LCD პანელი უბრალოდ LED განათებით. ახლა გადავიკითხე და ეს განმარტება ცოტა მემშრალა, ამიტომ თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს დავუთმობ LED ტექნოლოგიას.
LED (Light Emitting Diode) ტელევიზორებში LED-ი მხოლოდ LCD პანელის უკან ან გარშემო განლაგებული განათების სისტემაა. დამატებითი განათება საჭიროა იმდენად, რამდენადაც თავად LCD პანელი, მიუხედავად იმისა რომ გამოსახულებას იძლევა, საკმარისად ვერ ანათებს საკუთარ თავს და მაყურებელი გამოსახულებას უბრალოდ ვერ დაინახავს ზემოხსენებული განათების გარეშე. OLED (Organic Light Emitting Diode) ტელევიზორების პანელი კი თავის მხრივ, აბსოლუტურად ავტონომიურია და თითოეული პიქსელი პანელზე თავადაა მანათობელი დიოდი. შესაბამისად, არ საჭიროებს განათების ცალკე სისტემას, რაც ნიშნავს რომ ასეთი ტელევიზორები, მონიტორები და სხვა ეკრანიანი მოწყობილობები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და უფრო თხელი და მსუბუქნიც არიან ვიდრე ანალოგიური მოწყობილობები პლაზმური ან თხევადკრისტალური პანელებით. ამ ყველაფერს ემატება მეტი სიკაშკაშე, გაზრდილი კონტრასტულობა, უკეთესი ფერთა გადმოცემა და უფრო ფართო ხედვის კუთხე. საბოლოო ჯამში ვიღებთ თითქმის ყოველმხრივ უკეთეს ეკრანს, თავად შეადარეთ ქვედა სურათზე…
ნახეთ სურათები და ფიქრობთ, თუ რატომ „თითქმის ყოველმხრივ“? იმიტომ რომ, OLED პანელებს აქვს გარკვეული მინუსებიც, პირველ რიგში ესაა დიოდების სასიცოცხლო ციკლი, განსაკუთრებით პრობლემატურია ლურჯი დიოდი, რომელიც სხვებზე ადრე იწყებს კვდომას და შესაბამისად ირღვევა ფერთა ბალანსი. თუმცა, ამ პრობლემაზე არაერთი კომპანიის ინჟინრები აქტიურად მუშაობენ და დარწმუნებული ვარ „რამეს იზამენ“. მეორე პრობლემაა ამ პანელების წარმოების მაღალი ფასი და ტექნიკური სირთულე. CEC 2012-ზე LG-მ წარადგინა (აქ ჩასვით რომელიმე უცენზურო სიტყვა, რომლითაც ამკობთ ხოლმე რამე ძალიან დადებითს და კარგს, if you know what I mean) 55 დიუიმიანი OLED ტელევიზორი, რომლის ფასიც დაახლოებით 9000 ამერიკული დოლარი იქნება.
LG 55" OLED TV
და აი ამ „ფასის პრობლემით“ ნელ-ნელა მივადექით სიახლეს, რომელზეც აქამდე უნდა დამეწერა, მაგრამ ტექნოლოგიურმა „წიაღსვლებმა“ გამიტაცა.
დადის ხმები, რომ შეიძლება ორი იაპონური გიგანტი, Sony და Panasonic გაერთიანდნენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ OLED პანელების საწარმოო ტექნოლოგიის დასახვეწად და, შესაბამისად, ფასის დასაწევად, რათა აღნიშნული პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს მოკვდავთათვის.

No comments:

Post a Comment